Saturday, January 12, 2013

გენოციდი

"genos" რასა, ჯიში
"cide" მოკვლა
  

 1945 წლის ნიურბერგის პროცესზე გენოციდი განმარტებულია, როგორც „სამოქალაქო მოსახლეობის რასობრივი, ან ეროვნული ჯგუფების წინასწარგამიზნული და სისტემატური მოსპობა ერების და ხალხების გარკვეული რასების, ან ფენების, რასობრივი და რელიგიური ჯგუფების განადგურების მიზნით...” ომისგან განსხვავებით, სადაც ერთმანეთს ორგანიზებული შეიარაღებული ჯარისკაცები ებრძვიან, გენოციდი ცალმხრივი მასობრივი მკვლელობაა, რომელშიც სახელმწიფო, ან სხვა ჭარბი ძალა შეგნებულად ანადგურებს ეროვნული, ეთნიკური, ან რელიგიური ერთობის უმეტეს ნაწილს, მაშინ, როდესაც მათდამი კუთვნილებას აღმსრულებელი თავად განსაზღვრავს. გამონაკლისს შეადგეს ომის მსხვერპლი - სამხედრო და სამოქალაქო მოსახლეობა, გარდა დანებებულებისა, რომელთაც არ გააჩნიათ მოწინააღმდეგისათვის ორგანიზებული წინააღმდეგობის გასაწევად საკმარისი სამხედრო ძალა.

  გენოციდის ცნება არ შეიცავს საჰაერო დაბომბვის შედეგად სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლს. ეს ტერმინი ზოგჯერ იმ შემთხვევებშიც გამოიყენება, როცა შერწყმულია გენოციდისა და ეთნოციდის ელემენტები. ამ დროს განზრახული არაა მთელი ჯგუფის განადგურება, მაგრამ საკუთარი კულტურული თავისებურებებით გამორჩეული ამ ჯგუფის, როგორც ერთობის, გაქრობა სასურველი და სასარგებლო იქნებოდა აგრესორის აზრით. ამ შემთხვევებში ჯგუფის ნაწილს ანადგურებენ, რათა აიძულონ დარჩენილნი დაივიწყონ საკუთარი კუთვნილება ან შეწყვიტონ წინააღმდეგობა, ან ორივე ერთად. იქ, სადაც მიზანს მოსახლეობის საკუთარი ტერიტორიიდან განდევნა შეადგენს, იყენებენ ტერმინს „ეთნიკური წმენდა”. 

თუ მოსახლეობის დევნა გამოწვეულია პოლიტიკური მიზეზებით, იყენებენ ტერმინს “პოლიტიციდი”. როდესაც განადგურებული მოსახლეობის რაოდენობა არ შეადგენს მის უმრავლესობას, გამოიყენება ტერმინი „გენოციდური ხოცვა-ჟლეტა”. ეს კომპლექსური ცნებაა და იურისტებს უჭირთ რაოდენობრივი სხვაობის დადგენა ხოცვა-ჟლეტისა და გ-ის ცნებების განსასხვავებლად. საერთაშორისო სამართლის მიხედვით გენოციდი დანაშაულია.

  გენოციდის თავიდან აცილებისა და მისთვის სასჯელის ჟენევის კონვენცია (1948) განსაზღვრავს გ-ს, როგორც ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებათაგანს, რომლის მიზანია მთლიანად, ან ნაწილობრივ გაანადგუროს, როგორც ასეთი, რომელიმე ნაციონალური, ეთნიკური, რასობრივი, ან რელიგიური ჯგუფი. ეს ქმედებებია: 1. ასეთი ჯგუფის წევრების მკვლელობა; 2. ამ ჯგუფის წევრებისათვის სხეულის სერიოზული დაზიანებების მიყენება და ფსიქიკური მოშლილობების გამოწვევა; 3. რომელიმე ჯგუფისათვის შეგნებულად ისეთი ცხოვრების პირობების შექმნა, რომლებიც გამიზნულია ამ ჯგუფის მთლიანი, ან ნაწილობრივი ფიზიკური განადგურებისათვის; 4. ზომები, რომელთა მიზანია შობადობის მოსპობა ამ ჯგუფებში; 5. ბავშვების ძალადობრივი გადაცემა ერთი ჯგუფიდან მეორეში.

  საყოველთაოდაა აღიარებული, რომ სახელმწიფოს მიერ საკუთარ ტერიტორიაზე თავისი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული გენოციდი არის არა მხოლოდ ამ ქვეყნის იურისდიქციის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევის საფუძველიც. გენოციდის შემთხვევაში ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელმაც მოახდინა ზემოთ აღნიშნული კონვენციის რატიფიკაცია, შეუძლია მიმართოს გაეროს შესაბამის ინსტიტუტებს ჩარევის თხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ კონვენცია საყოველთაოდაა აღიარებული გაეროს წევრი ქვეყნების მიერ, მისი ეფექტურობა მინიმალურია. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შექმნამდე კონვენციის მოქმედება მუდამ შეზღუდული იქნება.


No comments:

Post a Comment