Saturday, January 12, 2013

ოსეთის გენოციდი



ქართველების მიერ ოსების გენოციდის საკითხზე საქართველოში საფრანგეთის ელჩის ერიკ ფურნიეს განცხადება იმაზე მეტად გახმაურდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ქართული მედიისა და საექსპერტო წრეების შემდეგ ელჩის განცხადებას ე.წ. სამხრეთ ოსეთიდანაც გამოეხმაურნენ. თუ ქართველ საზოგადოებაში ფურნიეს განცხადება დაგმეს, „სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენლებმა დიპლომატის ნათქვამი უტყუარად და მათ მიერ არაერთხელ თქმული „სიმართლის“ დადასტურებად გამოაცხადეს.
ისტორიის თემაზე დიპლომატის არადიპლომატიურად მოყოლილი ამბის ისტორია ასე დაიწყო: ჟურნალ „თბილისელებში“  ერიკ ფურნიეს ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა 2008 წლის აგვისტოს ომზე საფრანგეთის პასუხისმგებლობის საკითხს ეხებოდა.
ინტერვიუში ელჩმა „გამაღიზიანებელ კითხვას“  „ემოციური“ პასუხი  წერილობით გასცა: „ვინ წამოიწყო ომი? პირველმა ვინ ისროლა ცხინვალის მიმართულებით? თქვენ ვერ შეძლებთ ისტორიის ხელახლა დაწერას და პასუხისმგებლობის ძებნას სხვაგან და არა იქ, სადაც ის არის. ამასთან დაკავშირებით, თუ ცოტა შორს მოძებნით, ახსნა-განმარტება უნდა მოსთხოვოთ მენშევიკურ რესპუბლიკას, რომელმაც 1921 წელს ოსეთის მოსახლეობა გაჟლიტა (4 000 დაღუპული, 25 000 ლტოლვილი), და არა საფრანგეთს ან სხვა სახელმწიფოებს“.
ერიკ ფურნიემ მოგვიანებით, ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში განმარტა, რომ ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა და პროვოკაციული პასუხის გაცემის გუნებაზე დადგა. თუმცა, იქვე აღნიშნა:  რაც წარსულში მოხდა, უნდა დავივიწყოთ, თორემ ერთმანეთზე გასაბრაზებელ ფაქტებს ისტორიაში აუცილებლად ვიპოვითო. ანუ ელჩმა „ოსების გენოციდზე“ ნათქვამი არ უარყო, უბრალოდ, მხარეებს მისი დავიწყებისკენ მოუწოდა.
„ტრიბუნა.ge“-მ ელჩის მიერ ციფრებით აღწერილი „ოსური გენოციდის“ საკითხის კვლევა ისტორიკოსებთან გასაუბრებითა  და ისტორიული წყაროების მეშვეობით სცადა.
  გრიფით საიდუმლო და უნიკალური მასალები
ისტორიკოსმა შოთა ვადაჭკორიამ ახლახან დაასრულა შესაბამისი 1917-25 წლებში ქართულ-ოსური ურთიერთობების საკითხის კვლევა და როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა ამ პერიოდის მოვლენების აქამდე უცნობი ასპექტები დეტალურად და კვალიფიციურად შეისწავლა.
„საკითხზე მუშაობის დროს გავეცანი იმ პერიოდის პრესას, უნიკალურ საარქივო დოკუმენტებს… გრიფით საიდუმლო მასალებს. მაგრამ ამ მასალებს გრიფი რომ ადევთ, არ მაქვს უფლება ზუსტად მივუთითო.
ოსი ისტორიკოსები კი ქართველთა მიერ მათი გენოციდის საკითხზე საუბრისას იყენებენ ე.წ.  „ინალიფას“ მეთოდს, როცა ამბობენ ბებიებისგან ვიცით, რომ ოსები ცხინვალის რეგიონის მკვიდრი მოსახლეობა ვართო.  ოსმა  ბოლშევიკებმა საგანგებოდ შექმნეს ყალბი დოკუმენტები და დღეს ამითაც მანიპულირებენ“,- აცხადებს შოთა ვადაჭკორია.
თავად კი ამბობს, რომ სხვა სანდო  წყაროებთან ერთად  გასაბჭოებული საქართველოს ხელისუფლების შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნას და მათ მიერ მოპოვებულ დოკუმენტებს ეყრდნობა, რომლებიც საქართველოს მენშევიკური მთავრობის მხარდამჭერ ანუ მიკერძოებულ მასალად ნამდვილად ვერ ჩაითვლება.
წყარო

No comments:

Post a Comment